თავი პირველი
ქორწილში გამომთვრალი მიხო ტუალეტში გავიდა.
ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ, ასე ვთქვათ და მამაკაცობის იდენტიფიკატორის სათანადო ადგილზე ჩაბრუნება მხედველობიდან გამორჩა, ანუ როგორც ანთროპოლოგები იტყვიან ყ*ეამოგდებული დაუბრუნდა სუფრას და ხელგაშლილი ბირდაბირად შეიჭრა შალახოს მოცეკვავეთა გუნდში, ამ მდგომარეობაში აქტიურად მოხტუნავეს ხალხმა მიაძახა – მიხო, ხორცი მოგიჩანს, ხორციო.
– ხორცი არა ყ*ე, ტაში ტაშიიიიი – დაიყვირა მიხომ და ხტუნაობიდან ბუქნებზე გადავიდა.
თავი მეორე
დღეს დილით, რადოიმ შემომთავაზა, რომ ჩემი მთავრობის, ხალხის კეთილდღეობისათვის მუხლჩაუხრელი, უანგარო შრომის შედეგად ჩამოყალიბებულ თელეთის სასაკლაოზე, რომელშიც ყველა ხორცის ვაჭრობით დაკავებულმა გლეხმა საქონელი უნდა მიიყვანოს დასაკლავად, დატოვოს ამ საქონლის თავ–ფეხი და ტყავი, ასევე 1ლარი და რაღაც ხურდაც უნდა მიაყოლოს, მაგრამ ხორცი გარანტირებულად შემოწმებული იქნება და გაპიწკინებული, სწორედ ამ მზრუნველი ხელისაგან ხელდასმულ თელეთის სასაკლაოზე, შემიძლია მივიდე და საუკეთესო ხორცი შევიძინო 12–14 ლარად.
თავი მესამე
მე თელეთში არ ჩავალ, იმიტომ, რომ შევეჩვიე ჩემი სადარბაზოდან 30 მეტრის მოშორებით ყიდვას, მარკეტში 12 ლარად ძალიან კარგ ხორცს ვყიდულობდი, 14 ლარად კი სუკს მიჭრიდნენ ძროხისას – ბრწყინვალე ნაჭერია, სულ კილონახევარი თუ ამოვა მოზრდილი საქონლისგან….
ნამდვილად ვიცი, რომ ვეტერინარი ყოველ დილას ამოწმებდა და არც ჩვენი უბნის ყასბის ინტერესებში იყო სახელის გატეხა და შარი.

თავი მეოთხე
რა გამოდის?! თელეთში (და ნატახტარში) ისევ ჩემი უბნის ყასაბი უნდა წავიდეს, ის კარგი ნაჭრები 14 ლარად უნდა იყიდოს, ტრანსპორტირება მოახდინოს, მარკეტს დახლის იჯარა გადაუხადოს, საბიუჯეტო გადასახადებიც დაფაროს და თვითონაც დედა ტერეზა ხომ არ არის რომ მოგება არ დარჩეს?! და რა?! ჩემი უფროსი ძმისა თუ მამინაცვლის მზრუნველი ხელისმოსმით მე, უბრალო მოქალაქეს, რომლის ძირითადი საზრუნავიც დღიური სარჩოს მოძიებაა, ანუ თითქმის პირველყოფილი საზოგადოების მამაკაცის ფუნქცია ყოველდღიური პრიმიტიული გეგმით – “წავალ, ირემს მოვკლავ და ვიქნებით მაძღრად, თუ ვერ მოვკალი, დღეს გავძლებთ და ხვალ რამეს ვიზამ” – ხორცი მიძვირდება დაახლოებით 50%–ით.
მადლობა ზრუნვისთვის! მადლობა იმისთვის, რომ არცერთი სფერო არ რჩება თქვენს ყურადღებიან მზერას და ყველგან იგრძნობა თქვენი ხელის გავლენა.
მე ყოველწამს ვგრძნობ თქვენს მზრუნველ სუნთქვას ჩემს ზურგსუკან!
ვგრძნობ ამ სუნთქვას, რომელიც ზოგჯერ ხმამაღალი და ხშირი ხდება და მეჩვენება, რომ მტყნავენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ექიმმა საინფორმაციო გადაცემების ყურება დამინიშნა 3, 6 და 9 საათებზე, ეს კოშმარიც შემიმსუბუქდა. ერთი ეგ არის, რომ ასეთი დოზირება დილით არ მოქმედებს. დილით, როდესაც ვფიქრობ “ირემს თუ მოვკლავ მაძღრად ვიქნებით, თუ ვერა დღეს გადავიტანთ და ხვალ რამე იქნება.”
თავი მეხუთე
სამწუხაროდ ქართველის ერთ–ერთი დამახასიათებელი თვისება – ამპარტავნობა, ბევრს აიძულებს ასეთ პრობლემაზე არ ილაპარაკოს. გოგონები, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მუდამ მოდაზე დაყენებული შეწუხებული სახით დადიან. მამაკაცები, რომლებსაც თითქოს უჩინ–მაჩინის ქუდი ახურავთო, ისე შედიან მანქანიდან სახლის შესასვლელში, რომ ჩრდილი ასფალტზე დაცემას ვერ ასწრებს და ასეთ წესებს საშუალო ფენის საკმაოდ ქვედა შრის ბევრი მოდასაყოლილი წარმომადგენელიც კი იცავს და ეს მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენს – მათთვის საკვების გაძვირების თემა ტაბუდადებულია, ისინი არასოდეს არ იტყვიან “ხორცს ძალით რატომ მიძვირებთ? უამისოდაც მიმძიმს.” არა – ყოველდღიურად აუცილებელ თემაზე, “საჭმელზი” და მისი ფასების იძულებით ზრდაზე კამათი გოიმობაა, მდაბიოთა ხვედრი. მაშინ, როდესაც სურსათის ფასის ზრდა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს და ყველა ნორმალური მთავრობა ცდილობს რაიმე ხერხის პოვნას მის შესაჩერებლად.
ხშირად შემიმჩნევია, ხალხის ეს კატეგორია ისეთი სერვისის თუ პროდუქციის ფასებს იკვლევს რუდუნებით, რომელსაც იმ მომენტის მდგომარეობით, კიდევ სამი წელი ვერ იყიდის, ხოლო ყოველდღიური ხარჯების გაზრდის პირობებში საერთოდ ოცნებად თუ გაიყოლებს იმქვეყნად…
მაგრამ ყოველდღიურზე, საკვებზე “ბაზარი” გოიმობაა, მდაბიოთა ხვედრი!
თავი მეექვსე
…… ხორცი არა ყ*ე დაიძახა მიხომ და ცეკვა განაგრძო ბუქნებით და შეძახილებით – შენ დაუკარ, ტაში ტაშიიიიიი!